გიორგი მიქაუტაძე: “ჩემი მშობლები ძალიან ამაყობენ”
ბელგიური “სერენის” თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრით ძალიან გახარებულია. 20 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ მისი მშობლები ახლა ძალიან ამაყები არიან.
როგორც იცით, მიქაუტაძემ, რომელიც საფრანგეთის მოქალაქე იყო, საქართველოს მოქალაქეობა ცოტა ხნის წინ მიიღო და ეროვნულ ნაკრებშიც პირველად გამოიძახეს.
“რაღაც დროის განმავლობაში, იმედი მქონდა, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახებდნენ. ტელეფონით ვილი სანიოლსაც ვესაუბრე, მაგრამ შემადგენლობის ოფიციალურად დასახელებას ველოდებოდი. ძალიან გახარებული ვარ. ბევრი ვიშრომე, რათა ეს დამემსახურებინა.
მშობლებს ტელეფონით ახლახან ვესაუბრე, ისინი ძალიან ამაყობენ. დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ და ალბათ, ახლა შესაძლებლობა მომეცემა, რომ ვნახო ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც იქ ცხოვრობენ”, – უთხრა მიქაუტაძემ dhnet.be-ს.
საქართველოს ნაკრები 25 მარტს სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება, 28 მარტს ჩვენი გუნდი თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს, სამ დღეში კი კვლავ სტუმრად, საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს.