ვილი სანიოლი: “ფეხბურთელებმა ყოველკვირეულად უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრებში მოხვედრას იმსახურებენ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
შემადგენლობის შესახებ:
“რა თქმა უნდა, ვუყურეთ ყველა ფეხბურთელის თამაშს. მათი შერჩევა ადვილი არ არის. ეს ახალი თავგადასავალია, რომელსაც ერთად ვიწყებთ ნოლიდან. ყველა ფეხბურთელმა ყოველკვირეულად უნდა დაამტკიცოს, რომ ისინი ნაკრებში მოხვედრას იმსახურებენ. ვცდილობთ, სწორი გადაწყვეტილებები მივიღო. რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ადრე ნაკრებში თამაშობდა, ამ მატჩებისათვის არ გამოვიძახეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მომავალში არ გამოვიძახებთ. ყველა ნაკრებში პრობლემა შემადგენლობასთან დაკავშირებით. კლუბისგან განსხვავებით, აქ ფეხბურთელს ვერ იყიდი. ჩვენ გვქონდა გაფართოებული შემადგენლობა, მაგრამ კონკრეტული შეხვედრებისთვის 25 ფეხბურთელზე მეტს ვერ გამოიძახებ.”
მაკარიძის შესახებ:
“კლუბებს რომ მოუსმინოთ, ყოველთვის ამბობენ, რომ ყოველ შაბათ-კვირას მნიშვნელოვანი მატჩები აქვთ. ვცდილობთ, მათთან ვითანამშრომლოთ. არსებობს ფიფას წესები, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ. ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ კლუბებს, მათ არგუმენტებს. მაკარიძე ერთადერთი მოთამაშეა, ვისზეც ბევრი ვიმსჯელეთ და გავწვყვიტეთ, რომ ის კლუბსითვის დაგვეთმო, მისი გუნდი ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.”
საქართველოს ჩემპიონატის შესახებ:
“ეროვნულ ლიგაში თამაში ნაკრებში მოსახვედრად დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს. შემადგენლობის შედგენისას, ეროვნულ ლიგას დიდი ყურადღება დავუთმეთ. ცხადია, ზოგი ჩემპიონატი სხვებზე უფრო ძლიერია, მაგრამ მთავარია, როგორ ფორმაში ფეხბურთელი. ჩვენ ამ პრინციპით შევადგინეთ შემადგენლობა და მომავალშიც ასე იქნება. აქ ჩამოსვლის შემდეგ, შემადგენლობის ანალიზს ვაკეთებდი. აქამდე არ მქონია შესაძლებლობა, რომ ეროვნული ლიგის კლუბების მწვრთნელებს შევხვედროდი, მაგრამ მომავალში ამის საშუალება მექნება.”
სათამაშო სტილი:
“ჩემი საქმეა, რომ ფეხბურთელებს ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია სწორად გადავცე. ჩვენი სათამაშო სტილი უნდა მოვარგოთ მეტოქეს.”
ჯაბა კანკავას შესახებ:
“ჯაბა კანკავა კვლავაც კაპიტანი იქნება. მასთან პირადად არ მისაუბრია. მომდევნო სამ მატჩში ის კაპიტნად რჩება, მაგრამ შესაძლებელია, მომავალში ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს. რაც ვნახე და რაც გამიგია, ის კარგი კაპიტანია.”
შვედეთთან მატჩზე:
“ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ძალიან მიხარია, რომ ის ნაკრებში დაბრუნდა. ის თანაგუნდელებისათვის დიდი მოტივატორი იქნება. როგორ ფეხბურთის მოყვარულს, მინდა, რომ მოედანზე ყოველთვის საუკეთესოები ვიხილო – იბრაჰიმოვიჩი, რონალდუ, მესი, მბაპე. რა თქმა უნდა, ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. უნდა ვიყოთ რეალისტები და ამავდროულად, ამბიციურები.”
გიორგი მიქაუტაძის შესახებ:
“პირველად მის შესახებ ალექსანდრე იაშვილთან ვისაუბრე. მიქაუტაძესაც ვესაუბრე პირადად. ფედერაციამ მის საკითხზე შესანიშნავად იმუშავა. მიხარია, რომ მან საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩია.”
დისციპლინის შესახებ:
“მინდა, ყველა ფეხბურთელმა იცოდეს, რომ ყოველდღიური შრომაა საჭირო წარმატების მისაღწევად. დისციპლინის გარეშე, ვერაფერს მივაღწევთ. გუნდის ინტერესები პირად ინტერესებზე წინ უნდა დავაყენოთ.”
ამირან სანაიას შესახებ:
“მის შესახებ ინფორმაცია მაქვს. ამ ეტაპზე ის შემადგენლობაში არ დაგვისახელებია, მაგრამ რა თქმა უნდა, მას მომავალში ნაკრებში მოხვედრის შანსი ექნება.”
კვარაცხელიას სათამაშო პოზიციაზე:
“მიღებული მაქვს გადაწყვეტილება, რომელ პოზიციაზე ითამაშებს კვარაცხელია, მაგრამ არ ვაპირებ შვედეთის ნაკრების მწვრთნელს ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. ხვიჩა კლუბში ძალიან კარგად თამაშობს და კარგ ფორმაშია.”
ჩაკვეტაძის შესახებ:
“რომ არა ტრავმები, დარწმუნებული ვარ, ის უკვე იქნებოდა ევროპის ტოპ ჩემპიონატში.”
საქართველოს ნაკრები 25 მარტს სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება, 28 მარტს ჩვენი გუნდი თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს, სამ დღეში კი კვლავ სტუმრად, საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს.