დე როსი იტალიის ნაკრებში იმუშავებს
“რომასა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დანიელე დე როსი “სკუადრა აძურას” სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. 37 წლის სპეციალისტი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ერთ-ერთი თანაშემწე იქნება.
“მეამაყება და მადლიერი ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში ახალ კარიერას ვიწყებ. აქაურობას სახლად ვთვლი. არაერთი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი ვიპოვე როგორც შტაბში, ასევე გუნდში. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას. მესმის, რომ ჯერ მხოლოდ დამწყები ვარ და უამრავი რამ მაქვს სასწავლი, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ გუნდს გამოვადგები”, – ციტირებს დე როსის სიტყვებს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ დანიელე დე როსი იტალიის ნაკრებში 2004-დან 2017 წლამდე თამაშობდა. ის 2006 წელს “სკუადრა აძურასთან” ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. დე როსის ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებულ 117 მატჩში 21 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა აქვს მითვლილი.