ქართველებისა და ესპანელების მატჩს რუმინელი განსჯის
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს რუმინელი არბიტრები განსჯიან. შეხვედრის მთავარი მსაჯი 38 წლის რადუ მარიან პეტრესკუ იქნება, რომელსაც რადუ გინგულეაკი და მირჩა მიჰაილ გრიგორიუ დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი მარცელ ბირსანი იქნება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პეტრესკუ საქართელოს ეროვნული გუნდის მატჩს განსჯის. 2018 წლის ნოემბერში მან ერთა ლიგაზე ანდორასა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში (1:1) იმსაჯა. 2015 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში პეტრესკუმ საქართველოს ნაკრების ორი მატჩი განსაჯა: ესპანეთთან (1:4) და პორტუგალიასთან (2:3).
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩი “დინამო არენაზე”, 28 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.