ლორია: “შევეცდებით, ხალხს გამარჯვების სიხარული დავუბრუნოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ესპანეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა.
“ფსიქოლოგიურად, ყველა თამაშისათვის მზად ვარ, არ აქვს მნიშვნელობა დიდი გუნდი იქნება თუ პატარა. ესპანეთის წინააღმდეგ თამაშისას განსაკუთრებული მოტივაცია არსებობს. იმედია, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დავგეგმავთ.
ვაისთან ერთად ხუთი წელი ვიმუშავეთ. მან თავისი გამოცდილება გადმოგვცა. მას დიდი მიღწევები ჰქონდა. ყველას თავისი ხედვა აქვს. მან ნაკრები ერთ მუშტად შეკრა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი იმისა, რომ ერთა ლიგის ჯგუფი მოვიგეთ. ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალგაზრდა დებიუტანტებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ.
სასიამოვნოა, რომ ხვალ მაყურებელი დაესწრება თამაშს. ძალიან მაგარია, რომ ჩვენ გვერდით იქნებიან. შევეცდებით, ხვალ ხალხს ის სიხარული დავუბრუნოთ, რასაც გამარჯვების გემო ჰქვია”, – განაცხადა ლორიამ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, საქართველოსა და ესპანეთს შორის შეხვედრა 28 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია