ვიქტორ მონხილმა ესპანურ პრესასთან საუბრისას ქართული ფეხბურთის პროგრესი შეაფასა
გავლენიანი ესპანური გამოცემა As თბილისის “დინამოს” ესპანელ მცველთან, ვიქტორ მონხილთან, ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. მონხილმა ესპანურ პრესასთან საუბრისას ქართული ფეხბურთის პროგრესი შეაფასა.
“ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა იგრძნობა. აქ სჯერათ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შეძლებენ. ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი ქართველი მიდის ევროპულ კლუბებში სათამაშოდ და ნაკრებს დიდი გამოცდილებით ავსებენ. არ გამიკვირდება, თუ რამდენიმე წელიწადში საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ჩემპიონატი, შესაძლოა, სეგუნდა დივიზიონს შევადაროთ, საშუალო ზონას. “დინამო თბილისს” ქვეყანაში და ზოგადად კავკასიის რეგიონში უძლიერესი აკადემია ჰყავს. “დინამო” “ბარსელონასა” და “რეალს” წააგავს, ეს კლუბი ვალდებულია, რომ ყველა მატჩი მოიგოს. ამ დროისთვის თავს ბედნიერად ვგრძნობ.
რაც შეეხება ფანობას, ძალიან იშვიათად თუ ესწრებიან ფანები მატჩებს. რამდენიმე წლის წინ ნაკრების 70 პროცენტს “დინამოს” ფეხბურთელები წარმოადგენენ, ახლა კი ნაკრებში თურქეთში, უკრაინაში და საბერძნეთში მოთამაშე ფეხბურთელებს იძახებენ.
“დინამოს” გასახდელში საქართველოსა და ესპანეთის მატჩზე ხშირად საუბრობდნენ. ხშირად მახსენებდნენ იმ ამხანაგურ მატჩს, როდესაც საქართველომ 1-0 მოუგო ესპანეთს. იმედია, ამ მატჩში ესპანეთი გაიმარჯვებს და ეს თამაში უფრო ემახსოვრებათ,” – აცხადებს მონხილი.