კიტეიშვილი: “ვთვლი, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ესპანეთთან განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა ქართველი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებს ამხნევებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც ძალიან უნდოდათ სტადიონზე მოსვლა, მაგრამ არ მიეცათ ამის საშუალება და ტელეეკრანებთან გვქომაგობდნენ.
ძალიან დასანანია, რომ ვერცერთი ქულა ვერ მოვიპოვეთ. გვქონდა ამის შანსები. ვიგებდით შეხვედრას ისეთი მაღალი დონის გუნდთან, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს რესურსი ყველას, თუნდაც ტოპ ნაკრებებს ეთამაშოს, მოუგოს თამაში ან ქულა აიღოს. ვთვლი, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს”, – განაცხადა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 31 მარტს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება.