“ფრე სამართლიანი შედეგია” – საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი
საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა საქართველოსთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ნიდერლანდელი მწვრთნელი საკუთარი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ფრე სამართლიანი შედეგია.
“დღეს ჩვენს წინააღმდეგ კარგი გუნდი იყო. ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვსურდა. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები საშიში გუნდი იყო. დაცვაში უკეთ უნდა გვეთამაშა. შესაძლებელი იყო, წაგვეგო, მაგრამ ასევე მოგების შანსიც გვქონდა. საბოლოო ჯამში, ამ შედეგით ბედნიერები არ ვართ.
დღეს მინდორზე ვერ ვპოულობდით იმ გაგრძელებებს, როგორსაც, ჩვეულებრივ, სხვა მატჩებში ვპოულობთ ხოლმე. შედეგზე მეტად, უკმაყოფილო თამაშის ხარისხით ვარ. უკეთ უნდა გვეთამაშა. ალბათ, ფრე სამართლიანი შედეგია, მაგრამ ჩვენ ეს არ გვსურდა”, – განაცხადა ჯონ ვან სხიპმა.