კახა ცხადაძე: “ფაქტობრივად, სანიოლს არაფერი შეუცვლია”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პირველი არხის ეთერში, გადაცემა “საფეხბურთო ტაიმაუტში” საქართელოს ნაკრების ბოლო სამი მატჩი შეაფასა და ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.
ცხადაძემ ხაზი გაუსვა ფრანგი მწვრთნელის დადებით ასპექტებს და ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რაც მან ამ შეხვედრებში დაინახა.
კიტეიშვილის შესახებ:
“კიტეიშვილი თბილისის “დინამოში” მეორე საყრდენად თამაშობდა და ჩემი აზრით, ეს მისთვის საუკეთესო პოზიციაა. გაიხსენეთ, საბერძნეთთან ლობჟანიძე კარის წინ რომ დატოვა – პირველად დავინახე, რომ ნაკრებში საყრდენმა შემტევს პასი მცველის ზურგსუკან მისცა. როდესაც პირველ ნომრად თამაში გვინდა, კიტეიშვილის კანკავას გვერდით დაყენება შეიძლება, მათ წინ კი – ერთი შემტევი ფეხბურთელის.”
ვილი სანიოლის შესახებ:
“სანიოლს, ფაქტობრივად, დრო არ ჰქონდა, რომ გუნდი მოემზადებინა. ფორსმაჟორში მუშაობდა. მთავარია, რომ დაიმსხვრა ის მითი, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელის მიწვევა არ შეიძლება. სანიოლმა აჩვენა, რომ მისთვის მთავარია ფეხბურთელი აკმაყოფილებდეს კონკრეტულ პოზიციაზე კრიტერიუმებს. მეორე – მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ და თუ ფეხბურთელი არ თამაშობს, ნაკრებშიც ვერ მოხვდება. ამას მივესალმები.
პოზიტიურია, რომ სანიოლი სიახლეებს არ ერიდება და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს. მომეწონა ისიც, რომ კლუბში უთამაშებელ ფეხბურთელს ნაკრებში რომ არ იწვევს. დაიმსხვრა მითი, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელის ნაკრებში აყვანა უაზრობაა. მადლობა სანიოლს ამისთვის.
თამაშის სქემას რაც შეეხება, ფაქტობრივად, სანიოლს არაფერი შეუცვლია – ნაკრებმა ისევე ითამაშა, როგორც ვაისის დროს – 4-2-3-1 სქემით. შეცვლებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ესპანეთთან მეორე ტაიმში ჩვენი თამაში გადასაწყობი იყო, სანიოლმა თამაში ვერ წაიკითხა. მან მოთამაშეები მათივე პოზიციის ფეხბურთელებით შეცვალა. ეს მატჩი არანაირად არ უნდა წაგვეგო. ჩემი გაგებით, კვარაცხელია ესპანელების მარჯვენა მცველს ბევრს დასდევდა და ჯობდა, შეტევისთვის უფრო მიეხედა და ამ ფუნქციებისგან გაგვეთავისუფლებინა, ცენტრში შეგვეწია, მის ნაცვალდ კი ფლანგზე უფრო მუშა მოთამაშე დაგვეყენებინა. იმიტომ, რომ ახლა ხვიჩა ერთადერთი ფეხბურთელია, ვინ უტევს, ამწვავებს და გოლს იტანს.
თავს ნუ მოვიტყუებთ, არანაირი პოზიციური შეტევა არ გვაქვს, იგივე ფეხბურთს ვთამაშობთ. საბერძნეთთან მოგება თუ გვსურდა, მეორე ფორვარდის გამოყვანა შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ სულ მომავალზე ვლაპარაკობთ, სომხეთმა კი 9 ქულა დააგროვა და პირველზეა, ჩრდილოეთ მაკედონიამ სტუმრად გერმანიას მოუგო. დღეს გამარჯვება ყველასთან შეიძლება.
გასაგებია, სანიოლს სამი წელი არ უმუშავია და გამოცდილება აკლია, მაგრამ იმედია, ამ თამაშებში გამოცდილებას მიიღებს და ალბათ, 2-3 წლის შემდეგ გვეშველება.”