ფლიკი: “სამი გოლი ისე გაგვიტანეს, მომენტი თითქმის არ შეუქმნიათ”
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, “პარი სენ-ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში განცდილი მარცხის (2:3) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“სამი გოლი ისე გაგვიტანეს, მომენტი თითქმის არ შეუქმნიათ. ჩვენ კი ძალიან ბევრი შანსი გვქონდა. დღეს ნამდვილად შეგვეძლო სასურველი შედეგის დაფიქსირება რეალიზების უკეთესი მაჩვენებელი რომ გვქონოდა.
ეს გუნდი მთელი 90 წუთის მანძილზე იბრძოდა. სწორედ ეს არის ხარისხი, რომელიც სხვა კლუბებისგან განგვასხვავებს. უფრო და უფრო ცოტა ფეხბურთელი გვრჩება, რომელსაც მოედანზე შესვლა შეუძლია. რა თქმა უნდა, ზოგი გაბრაზებული იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ ეს ენერგია “პარი სენ-ჟერმენის” დასამარცხებლად გამოვიყენოთ.
ძალიან არ მიყვარს წაგება, თუმცა ბევრი მომენტი გვქონდა და ბრწყინვალე ფეხბურთიც ვითამაშეთ. თუ ვაგებთ, ჯობს ასე დავმარცხდეთ,” – განაცხადა ფლიკმა.