რობერტო როზეტიმ ის მსაჯი გააკრიტიკა, რომელმაც ჰოლანს ავტოგრაფი გამოართვა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართული მატჩის (2:1) შემდეგ შეხვედრის ერთ-ერთმა გვერდითმა არბიტრმა ოქტავიან სოვრემ გერმანული გუნდის ლიდერ ერლინგ ჰოლანს ავტოგრაფი სთხოვა. რუმინელი რეფერის აღნიშნული საქციელი უეფას სამსაჯო კომიტეტის წარმომადგენელმა, ყოფილმა არბიტრმა რობერტო როზეტიმ შეაფასა.
“როდესაც უეფას მატჩებზე მუშაობთ, საკუთარ და საკუთარი გუნდის წევრთა საქციელზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ. თუ გინდა, რომ ფეხბურთელების მსგავსად პატივს გცემდნენ, რატომ სთხოვ მათ ავტოგრაფსა და მაისურს? თავად ფეხბურთელები გთხოვენ ამას? ასეთი რამ უბრალოდ დაუშვებელია, ეს ღირსების საკითხია. უეფას მატჩებზე უამრავი ვიდეოკამერაა, ყველაფრის დაფიქსირება ხდება”, – როზეტის კომენტარს “სქაი სპორტსი” აქვეყნებს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, რუმინელი არბიტრი სიმბოლურ ნივთებს აგროვებს, რომლებიც აუქციონზე გააქვთ. მიღებული თანხით სამედიცინო ცენტრს ეხმარებიან, რომლის პროფილიც აუტიზმის მძიმე ფორმის მქონე პირების დახმარებაა.