“უცნაური შეგრძნება მაქვს, ამას არ ვიმსახურებ” – გვარდიოლა ბიელსას სიტყვებზე
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა “ლიდსის” თავკაცის, მარსელო ბიელსას მიერ მის მიმართ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.
არგენტინელმა სპეციალისტმა გვარდიოლა შეაქო და მას “ჯადოქარი” უწოდა. თავად გვარდიოლა ვერც კი იჯერებს, რომ ბიელსამ ის ასე შეაქო.
“გაოგნებული ვარ, უცნაური შეგრძნება მაქვს. ის ყველაზე პირდაპირი პიროვნებაა. მჯერა, რომ რასაც ამბობს, იმაში ყოველთვის დარწმუნებულია. მედიასთან საუბრის დროს, ის საკუთარ რეპუტაციაზე საერთოდ არ ღელავს. სწორედ ამიტომ ვარ გაოგნებული. ყველამ იცის, როგორ პატივს ვცემ მას. სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ის ძალიან დამეხმარა.
ბიელსა ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ვგრძნობ, რომ ასეთი შექება არ დამიმსახურებია, რადგან თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია საფეხბურთო კვლევა ჩაატაროს და საიდუმლოებები იპოვოს, ეს სწორედ ბიელსაა. მას ფეხბურთი განსაკუთრებულად ესმის”, – ციტირებს ესპანელის სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ დღეს “მანჩესტერ სიტი” “ლიდსს” საკუთარ მოედანზე მიიღებს. მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.