ვატცკე: “დიდმა კლუბებმა უნდა გაიგონ, რომ ფეხბურთელის ფასს ჩვენ ვასახელებთ”
დორტმუნდის “ბორუსიას” დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე, პეპ გვარდიოლას კომენტარს ეხმაურება. “სიტის” თავკაცმა იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ გერმანული კლუბი ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და მათ აგენტებზე.
“კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას ჩვენ ვალი არ გვქონია, ერთი დოლარიც კი არ გვქონდა ვალი. ამ მიზეზის გამო, დღეს “ბორუსია” ძალიან კომფორტულ სიტუაციაშია და ფეხბურთელების გაყიდვის საჭიროება არ გვაქვს.
დიდმა კლუბებმა უნდა გაიგონ: როდესაც “ბორუსიას” ფეხბურთელის ყიდვას გადაწყვეტენ, მოვლენები, შესაძლოა, ორგვარად განვითარდეს. პირველი – მე ვამბობ, რომ ტრანსფერი არ შედგება. მეორე – მე ვასახელებ თანხას. მათ უნდა გაიგონ, რომ ფეხბურთელის ფასს ჩვენ ვასახელებთ და ეს თემა დახურულია. ყველაფერი ძალიან მარტივად და სამართლიანად ხდება.
ბოლო ხუთ წელიწადში “მანჩესტერ სიტიმ” ტრანსფერებზე მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ხუთ წელიწადში ამდენის დახარჯვას სხვა ვინ შეძლებს. ამის შემდეგ გვარდიოლა სხვა კლუბებს არ უნდა აკრიტიკებდეს,” – აცხადებს ვატცკე.