ლაშა ტალახაძე: “მე და სალიმის მიმოწერა გვაქვს, მან საკუთარი თავის ფასი იცის”
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა, ლაშა ტალახაძემ კომენტარი გააკეთა ბეჰდად სალიმიზე და თქვა, რომ ირანელს მასთან მიმართებაში ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.
როგორც იცით, სალიმი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ის 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტადაც მიიჩნეოდა, მაგრამ მაშინ ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა, თავად სალიმი კი მსაჯების მიმართ პროტესტს გამოთქვამდა.
“სალიმის ჩემთან მიმართებაში, ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ინტერნეტსივრცეშიც მომილოცა გამარჯვება თბილი სიტყვებით. გვაქვს მიმოწერა და მოკითხვები. ალბათ, კარიერა ტრავმისა და ასაკის გამო დაასრულა. ის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია და საკუთარი თავის ფასი კარგად იცის”, – განაცხადა ტალახაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში “სპორტი იმედზე”.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სალიმიმ ლაშას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, სულ რაღაც ერთი კვირის წინ კი ქართველს ევროპის ჩემპიონობაც მიულოცა.