გარი ნევილი: “სუპერ ლიგის კლუბებს უნდა რცხვენოდეთ, ეს დანაშაულია!”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად Sky Sports-ის საფეხბურთო მიმომხილველმა, გარი ნევილმა ევროპის სუპერ ლიგასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა განსაკუთრებით გააკრიტიკა ინგლისური კლუბები და თქვა, რომ მათ ფანების მიმართ დანაშაული ჩაიდინეს.
“საფეხბურთო ტურნირების მოდერნიზაციის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს სკანდალური გადაწყვეტილებაა. “მანჩესტერ იუნაიტედსა” და იმ ინგლისურ კლუბებს, რომლებმაც სუპერ ლიგაში თამაშზე თანხმობა განაცხადეს, უნდა რცხვენოდეთ.
“არსენალი” სუპერ ლიგაშია? მათ სულ ახლახან “ფულჰემთან” მატჩი ფრედ დაასრულეს. ექვსივე ინგლისურ კლუბს მიმდინარე სეზონში ქულები უნდა დააკლონ.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი ვარ, ახლა კი ყველაზე მეტად ჩემში ზიზღს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული” იწვევენ. “ლივერპულს” აქვს ასეთი სლოგანი – YNWA (“შენ არასდროს ივლი მარტო”), მათ თავი მოაქვთ, რომ ხალხს წარმოადგენენ და თითქოს ეს კლუბი ფანებისაა. “მანჩესტერ იუნაიტედი” მუშებმა დააფუძნეს და ახლა ისინი სუპერ ლიგაში კონკურენციის გარეშე შედიან და იქიდან არასოდეს დაქვეითდებიან.
12 თვე ვიძახდი, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო. ეს გაუმაძღრობაა. თვითმარქვია ადამიანები არიან. მათ ფეხბურთში არაფერი ესაქმებათ. ამ ქვეყანაში კლუბებს ფანებთან ერთად 100 წლიანი ისტორია აქვთ, ფანებს უყვართ კლუბები და მათთან ერთად ცხოვრობენ. ამ ადამიანს გაფრთხილება სჭირდებათ.
ფეხბურთში ფულის წინააღმდეგი არ ვარ. უნდა არსებობდეს სამართლიანი თამაშის პრინციპები. აი, მაგალითად, “ლესტერი” თუ პრემიერ ლიგას მოიგებს, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” ახლა ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ არ არიან – მათთან ქაოსია.
დააკელით ამ კლუბებს ქულები ხვალვე. მოაქციეთ ცხრილის შუაში და შემოსავლებიც დააკელით. სერიოზულად ვამბობ, ეს უნდა გააკეთოთ. ეს დანაშაულია. დანაშაულია ფეხბურთის ფანები მიმართ ამ ქვეყანაში. ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე დიდი სპორტია.
სუპერ ლიგის დამფუძნებლები ვაჭრები არიან. მათგან არაფერი გვსმენია, ხმას არ იღებენ. ალბათ, რამდენიმე კვირაში დაიმალებიან და იტყვიან, რომ ამ იდეასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. პანდემიის დროს, როცა ეკონომიკური კრიზისია და ქვედა დივიზიონის კლუბები კოტრდებიან, ზუმის საშუალებით ახალ ლიგას ქმნიან”, – განაცხადა ნევილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერ ლიგის შექმნის შესახებ განცხადება გუშინ, ღამით გაკეთდა. ახალი ლიგის დამფუძნებელი 12 კლუბია – “არსენალი”, “ჩელსი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ტოტენჰემი”, მადრიდის “ტლეტიკო”, “ბარსელონა”, “რეალი”, “მილანი”, “იუვენტუსი” და “ინტერი”.
უეფა და ფიფა სუპერ ლიგის წინააღმდეგები არიან და იმ კლუბებს და ფეხბურთელებს, რომლებიც ამ ლიგაში მონაწილეობას მიიღებენ, სანქციებით ემუქრებიან.