შესაძლოა, “რეალი” და “იუვენტუსი” ევროთასებიდან მოკვეთონ
ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში განიხილავენ, რა სანქციები უნდა დაუწესონ მადრიდის “რეალსა” და ტურინის “იუვენტუსს” სუპერლიგის შექმნის მცდელობის გამო.
უეფაში სასჯელის თაობაზე აზრი ორად იყოფა: ერთნი თვლიან, რომ ორივე კლუბი ერთი წლის ვადით ევროთასებიდან უნდა მოიკვეთოს, მეორენი კი გუნდების შეწყალებას ემხრობიან. აღნიშნულ საკითხზე პარასკევს უნდა იმსჯელონ.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა მადლობა გადაუხადა ინგლისურ და იტალიურ კლუბებს სუპერლიგაზე უარის თქმის გამო.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში 12 წამყვანი ევროპული კლუბი იყო გაერთიანებული: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. მოგვიანებით კლუბთა უმეტესობამ ტურნირზე უარი თქვა, რის გამოც პროექტი შეჩერდა.