ზურაბ დათუნაშვილი: “მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის”
სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა. 29 წლის სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატის მოგება პატიმრობაში მყოფ ძმებ წულუკიძეებსა და ნიკა მელიას მიუძღვნა.
შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილმა სერბეთის მოქალაქეობა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის შემდეგ მიიღო.
“პირველ რიგში, მინდა ეს გამარჯვება მივუძღვნა ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებსა და მათ სამეგობროს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, რომლებსაც მოუწყვეს პროვოკაცია. ბიჭები, რომლებიც დღეს წესიერების მაგალითი უნდა იყვნენ მთელი საქართველოსთვის, უკანონოდ სხედან ციხეში. ასევე, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ამისთვის ზის გლდანის საპყრობილეში. მინდა, ამ გამარჯვებით ამ ხალხს ეს მძიმე წუთები ცოტათი შევუმსუბუქო.
მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის და მინდა, მადლობა გადავუხადო სერბებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ”, – განაცხადა დათუნაშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში.
ზურა ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ გახდა, სერბეთის სახელით კი ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.