რასისტული სკანდალის გამო იენს ლემანი “ჰერტადან” გარიცხეს
ლონდონის “არსენალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე იენს ლემანი რასისტულ სკანდალში გაეხვა, რის გამოც ბერლინის “ჰერტას” დირექტორთა საბჭოდან გარიცხეს.
სკანდალის მეორე მონაწილე “ბუნდესნაკრების” კიდევ ერთი ექსფეხბურთელი დენის აოგო (ნიგერიული წარმოშობის გერმანელი) გახლავთ, რომელიც დღესდღეობით ტელეარხ “სკაიზე” ფეხბურთის ექსპერტად მუშაობს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე ლემანმა აოგოს პირადი შეტყობინება გაუგზავნა და მას ხუმრობით უწოდა ადამიანი, რომელიც ტელევიზიაში ფერადკანიანთა კვოტით მიიღეს.
აოგო ლემანის ტესტმა აღაშფოთა და ინსტასთორით ასე უპასუხა: “სერიოზულად ამბობ? ალბათ, ეს სიტყვები ჩემთვის არ იყო გათვლილი”.
თავის მხრივ, ლემანმა “ტვიტერზე” მოიბოდიშა: “პირადი შეტყობინება, რომელიც ჩემი ტელეფონიდან დენის აოგოს მისამართით იყო გაგზავნილი, არასწორად იქნა გაგებული და დენისთან საუბრისას მოვიბოდიშე კიდეც. ის გერმანიის ნაკრების ყოფილი წევრია, შესანიშნავად ერკვევა ფეხბურთში და “სკაის” რეიტინგში თავისი წვლილი შეაქვს”.
თუმცა, ლემანის ბოდიში უკვე დაგვიანებული იყო. “ჰერტას” ხელმძღვანელობამ ამ სკანდალის გამო სამსახურიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ლემანი კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და ის საინვესტიციო ჯგუფ Tennor Holding-ის ინტერესებს წარმოადგენდა.
“ლემანის მიერ გაკეთებული განცხადება არანაირად არ ასახავს იმ ღირებულებებს, რომელსაც “ჰერტა” წარმოადგენს. ჩვენ ვემიჯნებით რასიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას და მივესალმებით კომპანია Tennor Holdingის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ბერლინური კლუბის პრეზიდენტმა ვერნერ გეგენბაუერმა.