დათუნაშვილი: “საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, სპორტისათვის თავი დანებებული მექნებოდა”
სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, მას სპორტისათვის თავის დანებება მოუწევდა.
“მინდა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მაქსიმუმი გავაკეთო. თუ მაქსიმუმს გავაკეთებ, ვფიქრობ, მედალს მოვიპოვებ. სამწუხაროა, რომ საქართველოს სახელით არ გამოვდივარ. სერბეთმა მომცა შანსი, რომ სპორტში დავრჩენილიყავი და თავი არ დამენებებინა. საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, დღეს სპორტისათვის თავი დანებებული მექნებოდა.
ჭიდაობაში ასეთი წესია – თუ ქვეყანას შეიცვლი, ძველ ქვეყანაში აქტიურ სპორტს ვერ განგრძობ, მაგრამ საქართველოს მოქალაქე ვარ და დავბრუნდები. მე საკუთარ თავთან სრულიად გულწრფელი ვარ და ვფიქრობ, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის”, – განაცხადა 29 წლის მოჭიდავემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
დათუნაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 87კგ წონით კატეგორიაში გამოვა. საქართველოს ნაკრებს ამ წონაში ლაშა გობაძე წარმოადგენს. ზურამ კომენტარი მასზეც გააკეთა.
“დღეს, საქართველოდან ლიცენზია ლაშა გობაძეს აქვს მოპოვებული. ლაშა ძალიან ძლიერი სპორტსმენია. საქართველოში ოთხჯერ თუ ხუთჯერ შევხვდი და მასთან წაგება არ მაქვს… ხალხმა შეაფასოს”, – განაცხადა დათუნაშვილმა.