‘იმას გავაკეთებ, რასაც მინო რაიოლა მეტყვის’ – დონარუმა პაოლო მალდინის
“მილანის” მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ კლუბის დირექტორ პაოლო მალდინის უთხრა, რომ ის ისე მოიქცევა, როგორც აგენტი მინო რაიოლა ეტყვის.
როგორც იცით, მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. 22 წლის მეკარეს “მილანთან” ხელშეკრულება ერთ თვეში ეწურება. ამჟამინდელი კონტრაქტით, მისი ხელფასი წელიწადში 6 მილიონ ევროს შეადგენს. “როსონერი” დონარუმას წელიწადში 8 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა თავად მეკარე და მისი აგენტი მინო რაიოლა 10 მილიონს ითხოვენ.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც “მილანმა” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, კლუბმა დონარუმას მაგიდაზე ახალი კონტრაქტი დაუდო, თუმცა შეთანხმება კვლავაც ვერ შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, პაოლო მალდინიმ ახალგაზრდა კარის დარაჯთან საუბარი სცადა, თუმცა მისგან ასეთი პასუხი მიიღო: “იმას გავაკეთებ, რასაც მინო მეტყვის”.
დონარუმას ასეთი პასუხის შემდეგ, “მილანმა” “ლილიდან” მაიკ მენიანის სწრაფად შეძენა გადაწყვიტა. სწორედ ის იქნება გუნდის პირველი მეკარე მომდევნო სეზონში.