რეშფორდი: “ერთი გამარჯვებული, ერთი დამარცხებული – ჩვენთვის მეორე ადგილი არაფერს ნიშნავს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა ევროპის ლიგის ფინალში “ვილიარეალთან” დამარცხების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
“რთული ასახსნელია, როგორ ვგრძნობთ თავს. აქ მოსაგებად ჩამოვედით. მთელი სეზონის განმავლობაში ვშრომობდით და გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტიტული მოგვეპოვებინა. სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს ვერ მოვახერხეთ.
იმედგაცრუება გვერდზე უნდა გადავდოთ, განვხილოთ უკვე დასრულებული ფინალი და ვნახოთ, რა გავაკეთეთ არასწორად. გუნდი არ დანებდება. ამის უფლებას არც მწვრთნელი მოგვცემს. მომდევნო სეზონს უფრო დიდი სურვილებით შევხვდებით. ბევრი ამბობს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” დაღმასვლა აქვს, მაგრამ კლუბი, წარმატების მიღწევის სურვილი, ნიჭი, შესაძლებლობები და შემადგენლობა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა შეგვიძლია.
მსოფლიოსა და საკუთარ თავებს უნდა დავანახოთ, რატომ გვეკუთვნის უმაღლესი ადგილები და რატომ უნდა მოვიგოთ ასეთი ფინალები. პრემიერ ლიგა “მანჩესტერ სიტიმ” მოიგო, ჩვენ მეორე ადგილი დავიკავეთ, მაგრამ მეორე ადგილი არაფერში გვეთვლება. “ვილიარეალმა” ევროპის ლიგა მოიგო, ჩვენ მეორე ადგილი დაგვრჩა. ჩვენთვის, ეს არაფერია. ერთი გამარჯვებული, ერთი დამარცხებული. დღეს ჩვენ დავმარცხდით. უნდა გავარკვიოთ, რატომ წავაგეთ და დავრწმუნდეთ, რომ შემდეგ ჯერზე იგივე არ გამეორდება”, – განუცხადა რეშფორდმა BT Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც “ვილიარეალმა” მანჩესტერული გუნდი 11:10 დაამარცხა.