გიორგი ჯიქია: “საქართველოში წერდნენ, რომ მე სამშობლო გავყიდე”
მოსკოვის “სპარტაკისა” და რუსეთის ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესს” ინტერვიუ მისცა. 27 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გამოხმაურება მოყვა საქართველოში იმ ამბავს, როცა მან რუსეთის ნაკრებში თამაში აირჩია.
“2016 წელს საქართველოდან დამირეკეს, რათა საქართველოს ნაკრებში მეთამაშა. ფეხბურთის ფედერაციას ვესაუბრე. მათ მითხრეს, რომ ვჭირდებოდი და სურდათ, პრეზიდენტის ბრძანებით, ჩემთვის საქართველოს პასპორტი სწრაფი წესით დაემზადებინათ. ზოგს ჰგონია, რომ სახლები, ფული და კიდევ სხვა ბევრი რამ შემომთავაზეს, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ მხოლოდ სპორტულ საკითხებზე ვისაუბრეთ.
საქართველოში, ბევრი რამ დაიწერა. იყვნენ ისეთები, ვინც მხარი დამიჭირა და ისეთები, ვინც გამაკრიტიკა. საქართველოში ხალხი წერდა: “ჯიქია, რაც არ უნდა იყოს, ძალიან კარგია, რომ პროფესიონალურ კარიერაში ასეთ წარმატებას მიაღწიე. 150-მილიონიანი ქვეყნის ნაკრებში შენ, ქართველი ირბენ”.
იყო ზიზღის შემცველი კომენტარებიც. ზოგი წერდა: “სამშობლო გაყიდე და ფული აირჩიე”. ჩემმა მშობლებმა ჩემი გადაწყვეტილება მშვიდად მიიღეს”, – განაცხადა ჯიქიამ.
შეგახსენებთ, რომ ჯიქია მოსკოვში დაიბადა. 2017 წელს ის “ამკარიდან” მოსკოვის “სპარტაკში” გადავიდა. სწორედ ამ წელს ჩაატარა სადებიუტო მატჩი რუსეთის ეროვნულ ნაკრებში.