უეფა: VAR სისტემით მიღებული გადაწყვეტილებების 94,5 პროცენტი ზუსტია
უეფამ მსაჯის დამხმარე ვიდეორეფერის მუშაობა (VAR) შეაფასა და შესაბამისი სტატისტიკაც გამოაქვეყნა.
2019 წლიდან VAR სისტემა უეფას 453 მატჩში იქნა გამოყენებული. მსაჯის დამხმარე ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ შესწორებულია 139 გადაწყვეტილება. შესაბამისად, VAR სისტემის დახმარებით ყოველ 3,25 მატჩში ერთ გადაწყვეტილებას ასწორებენ. სულ ვიდეორეფერის დახმარება 2522 შემთხვევაში გახდა საჭირო. VAR სისტემის ბრიგადის კარნახის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების 94,5 პროცენტი ზუსტია.
“2019 წლის თებერვლის შემდეგ VAR სისტემა უეფას ეგიდით გამართულ 453 მატჩში გამოვიყენეთ, აქედან 297 შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო 115 ევროპის ლიგაზე გაიმართა. ციფრები გვიჩვენებს, რომ სისტემა ძალიან კარგად მუშაობს.
უეფას ამ პროექტის სჯერა. ჩვენი მიზანი არამხოლოდ მსაჯების, არამედ ზოგადად ფეხბურთის დახმარებაა. შედეგებით კმაყოფილნი ვართ და სისტემის დახვეწას გავაგრძელებთ.
დარწმუნებულნი ვართ, რომ სისტემა ევროპის ჩემიპიონატზეც წაგვადგება. ვთვლით, რომ ჩვენი VAR სისტემა მსოფლიოში საუკეთესოა. ჩვენი მიზანია, რომ ვიდეორეფერი იყოს ფრთხილი, მკაფიო და მოქმედების დროს თანმიმდევრული.”, – აღნიშნა უეფას სამსაჯო კომიტეტის წარმომადგენელმა რობერტო როზეტიმ.