მამუკა ჯუღელი: “წერენ, რომ ხვიჩა “ლიდსში” გადავიდა, რაც ტყუილია”
კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა საკუთარი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ ხვიჩა მხოლოდ ტოპ კლუბში გადავა.
“კვარაცხელიას მიმართ ძალიან დიდ ინტერესს იჩენენენ იტალიური, ინგლისური და გერმანული კლუბები. როგორც მოგეხსენებათ, ახლა დამთავრდა ევროპაში სეზონი. ახლა მიდის მოლაპარაკებები. “რუბინი” ყველა ღონეს ცდილობს იმისთვის, რომ კვარაცხელია სერიოზულ კლუბში მოხვდეს და ხელს უწყობს ყველა, დაწყებული სლუცკიდან დამთავრებული პრეზიდენტამდე.
გაცემულია ლიცენზიები, ინგლისის მხარეს ერთი ჯგუფი მუშაობს, იტალიაზე მეორე და გერმანიაზე მესამე. ყოველდღიურად რაღაც იცვლება, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ამ წუთას კონკრეტული არაფერია. მე მინდა, რომ ხვიჩა ტოპ კლუბში, საუკეთესო გუნდში გადავიდეს, რადგან ხვიჩა დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მზადაა.
წერენ, რომ კვარაცხელია “ლიდსში” გადავიდა, მაგრამ ეს არის ტყუილი. ხვიჩას საქმე მე რომ ვიცი, ისე მგონი თვითონ არ იცის, რა ხდება და როგორ ხდება. მე კვარაცხელიასთვის ვარჩევ ტოპ კლუბს. ამჟამად დაწინაურებულები იტალიური და ინგლისური კლუბები არიან, ორივე ერთნაირად.
“ლიდსის” სპორტულ დირექტორთან მქონდა საუბარი და ეს საუბრის დონეზე დარჩა. მქონდა სხვა ინგლისურ კლუბებთანაც ლაპარაკი. იტალიელებსაც ვესაუბრე. თუმცა, ეს ყველაფერი მოლაპარაკებებია. ერთი ვიცი – თუ კვარაცხელია “რუბინიდან” წავა, ის მარტო ტოპ კლუბში გადავა. შეიძლება, რომ ხვიჩა “რუბინში” დარჩეს? დღეს ისეთი სიტუაციაა, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ არ მგონია, ხვიჩა დარჩეს.
“რუბინი” კვარაცხელიას მიმართ დიდი სიმპატიით არის განწყობილი. თვითონაც ძალიან უნდათ, რომ ხვიჩა დიდ კლუბში მოხვდეს, რადგან ეს მათი სახელიცაა. მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება.
ხვიჩას მე ბავშვობიდან ვიცნობ. საქართველოს ბევრი ტალანტი ჰყოლია, მაგრამ ასეთი ჩამოყალიბებული და პროფესიონალი, როგორიც ხვიჩაა, არავინ მინახავს.
15 ივნისს კვარაცხელია ყაზანში უნდა ჩამოვიდეს. გუნდი იკრიბება და ვარჯიშს იწყებენ. მე მგონია, რომ 15 ივნისიდან 15 ივლისამდე ყველაფერი გადაწყდება, იქამდე ტრანსფერი არ მოხდება. მე ვიცი, რომ მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ჩემზე მაგრად მას არავინ გულშემატკივრობს, მაგრამ სიტუაცია ისეთია, რომ ტრანსფერს ერთი თვე მაინც დასჭირდება. მინდა, ყველამ იცოდეს, ისეთი რამ არ მოხდება, რომ კვარაცხელია უბრალოდ წავიდეს ევროპაში და საშუალო დონის გუნდში. ხვიჩა მხოლოდ ტოპ გუნდში წავა”, – თქვა ჯუღელმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველ გარემარბს “მილანს”, “სევილიას”, “მიონხენგლადბახს”, “ლიდსსა” და “ევერტონს” უკავშირებდნენ.