უკრაინის ნაკრების ახალმა ფორმამ რუსები გააღიზიანა (ფოტო)
უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა კვირას ევრო 2020-სთვის ახალი ფორმები წარადგინა. ფორმაზე უკრაინის რუკაა დატანილი, რამაც რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
რუსების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ უკრაინის რუკა ყირიმის ნახევარკუნძულსაც მოიცავს. ასევე, ფორმაზე დატანილია წარწერა “დიდება უკრაინას” და “დიდება გმირებს”.
რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა დმიტრი სვიშჩევმა უკრაინელთა ახალი ფორმის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ “ეს პოლიტიკური პროვოკაციაა”. მისი თქმით, “რუკაზე რუსეთის ტერიტორიის ნაწილის ყოფნა დანაშაულია”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორმა მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინელების სლოგანი “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!” გერმანული ნაციზმის გადმოძახილია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორია ყირიმის ანექსია 2014 წელს დაიწყო. რუსებმა ყირიმის ნახევარკუნძული დე-ფაქტოდ შეიყვანეს თავიანთი ფედერაციის შემადგენლობაში, როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი.
უკრაინის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე C ჯგუფში ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან იმყოფება.