მირონ მარკევიჩი: “რუს “ექსპერტებს” ვურჩევ დოპინგ-სკანდალს მიხედონ”
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ეროვნული ნაკრების კომიტეტის ხელმძღვანელმა მირონ მარკევიჩმა უკრაინის ნაკრების ახალი ფორმის შესახებ რუსების მიერ გაკეთებულ კომენტარებს უპასუხა.
მარკევიჩმა რუსებს ურჩია, რომ მათ დოპინგ-სკანდალს მიხედონ.
“მინდა რუს “ექსპერტებს” ვურჩიო, რომ დოპინგ-სკანდალს მიხედონ, რადგან რუსეთის ეროვნული ნაკრებები სხვადასხვა დიდ საერთაშორისო ტურნირებზე დროშისა და ჰიმნის გარეშე გამოდიან. მათი კომენტარები ჩვენს სათამაშო ფორმაზე დატანილ რუკასთან დაკავშირებით თავხედურია. რუსეთია სწორედ ის სახელმწიფო, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ახლა ისინი გამოდიან, კომენტარების გაკეთებასა და ჩვენთვის რჩევის მოცემას ბედავენ.
სრულიად ვეთანხმები უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეი პაველკოს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ნაკრების ახალ ფორმაზე დატანილი რუკის კონტურები ჩვენს ფეხბურთელებს უფრო მეტ ძალას მისცემს, რადგან ისინი უკრაინისთვის იბრძოლებენ”, – განაცხადა მარკევიჩმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრების ახალ ფორმაზე უკრაინის რუკის კონტურებია დატანილი. რუკა ყირიმის ნახევარკუნძულსაც მოიცავს, რომელიც ახლა რუსეთს აქვს ოკუპირებული.