მბაპე ჟირუზე გაბრაზდა და განცხადების გაკეთებას აპირებდა
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს მიერ გაკეთებულმა კომენტარმა კილიან მბაპე ისე გააღიზიანა, რომ მას პრესკონფერენციაზე განცხადების გაკეთებაც კი სურდა.
8 ივნისს საფრანგეთმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა. შეხვედრის 41-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ ტრავმირებული ბენზემა შეცვალა. “ჩელსის” თავდამსხმელმა დუბლის შესრულება მოახერხა.
რა თქვა ჟირუმ?
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟირუმ ჟურნალისტებს უთხრა: “ზოგჯერ გაიქცევი და პასს არ გიკეთებენ. შეიძლება, ერთმანეთი უკეთ უნდა ვიპოვოთ, ეს ასეა.”
ფრანგული პრესის ცნობით, ჟირუს ეს ნათქვამი კილიან მბაპეს ეხებოდა. L’Equipe-ის ინფორმაციით, მბაპე თანაგუნდელის ამ სიტყვებმა გააბრაზა და მის საპასუხოდ, საჯაროდ განცხადების გაკეთების სურვილი ჰქონდა.