ცნობილია, იასპარეზებს თუ არა ვარლამ ლიპარტელიანი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას გეგმავს.
“ცოტათი დამწუხრებული ვარ, რადგან ოქროს მედლის მოპოვება მინდოდა. თუმცა, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებელი ეტაპია. უფრო მნიშვნელოვანი ოლიმპიადაა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ეს მედალი ჩემთვის ტოკიოში წასვლის წინ კარგი მოტივაციაა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მოპოვებას კიდევ ერთხელ შევეცდები. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ვაპირებ. თუ კარგად ვიქნები და ტრავმა არ მექნება, არ გავჩერდები. მინდა, რომ მოვიგო”, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ძიუდოისტმა 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საერთო ჯამში, მას მსოფლიო პირველობაზე სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო აქვს.