გურამ კაშია: “ლოკომოტივი” ჩემს კარიერაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს”
გურამ კაშია თბილისის “ლოკომოტივს” დაემშვიდობა. 33 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს კლუბი მის კარიერაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.
“დღეს ოფიციალურად დავემშვიდობე თბილისის “ლოკომოტივს”. კლუბი, სადაც ბოლო რამდენიმე თვე გავატარე, ჩემს კარიერაში ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. შეიძლება ვინმესთვის ბევრი არ არის 17 მატჩი და ამ თამაშებში გატანილი ოთხი გოლი… მაგრამ, ფეხბურთის თამაში ხომ იმიტომ დავიწყე, რომ დასამახსოვრებელი სპორტული და არასპორტული ეპიზოდები შემეგროვებინა. ასე იყო ლოკომოტივთან ერთად გატარებული ეს თვეებიც.
დავაგროვე ბევრი საინტერესო მოგონება და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, ყველას, ვინც ქმნის თბილისის “ლოკომოტივს”. რაც მთავარია, მადლობა გულშემატკივარს, ვისაც უყვარს ქართული ფეხბურთი და სტადიონზე თუ ტელეეკრანთან “ლოკომოტივს” ქომაგობს.
მადლობა საინტერესო თავგადასავლისთვის”, – წერს კაშია.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი კარიერას სავარაუდოდ ბრატისლავას “სლოვანში” გააგრძელებს. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია.
ფოტო: თბილისის “ლოკომოტივი”