სლოვაკ ფეხბურთელს პოლონური ესმოდა და თანაგუნდელებს მეტოქის მითითებებს უთარგმნიდა
სლოვაკეთის ნაკრების ნახევარმცველი, ლუკაშ ჰარასლინი საკუთარ გუნდს პოლონეთთან მატჩში გამარჯვებაში არა მხოლოდ თამაშით, არამედ რამდენიმე ენის ცოდნითაც დაეხმარა.
როგორც იცით, სლოვაკეთმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა. 25 წლის ფეხბურთელმა სლოვაკურ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ მას პოლონური ენა ესმოდა, შესაბამისად, თანაგუნდელებს ეუბნებოდა, რაზე საუბრობდნენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები.
“ასეთი სიტუაცია იყო – კამილ გლიკი კრიხოვიაკს ეუბნებოდა, საით უნდა ჩაერბინა. ეს გავიგე და მაშინვე ჩემს თანაგუნდელ ტომაშ ჰუბოჩანს ვანიშნე. გლიკი მიხვდა, რომ მათი ენა მესმოდა და შემდეგ ფრანგულად საუბარი დაიწყეს. მე ფრანგულიც მესმოდა, რადგან იტალიურს ჰგავს. გლიკს ვუთხარი: “კამილ, მე თქვენი მაინც მესმის”, – უთხრა ჰარასლინმა SME-ს.
ჰარასლინმა ხუთი წელი პოლონეთში, გდანსკის “ლეხიაში” გაატარა, საიდანაც იტალიურ “სასუოლოში” გადავიდა.