“ჯანდაბა, ჯერ მხოლოდ 29 წლის ვარ” – ერიქსენის პირველი სიტყვები გონზე მოსვლის შემდეგ
დანიის ნაკრების ნახევარმცველს, კრისტიან ერიქსენს ფინეთთან მატჩის პირველ წუთებში გულის შეტევა დაემართა. საბედნიეროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს და ახლა ფეხბურთელი საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს.
ერიქსენს გულის ამუშავებაში გერმანელი ექიმი იენს კლაინეფელდი დაეხმარა, რომელმაც საფეხბურთო მატჩში მომხდარი ინციდენტი “ბილდთან” ინტერვიუში გაიხსენა.
“თავდაპირველად, არ მეგონა, რომ რაიმე სერიოზული ხდებოდა, მაგრამ როცა დავინახე, როგორ იქნევდა ხელს დანიელი ექიმი, მივხვდი, რომ ეს ჩვეულებრივი ტრავმა არ იქნებოდა. თავიდან, დანიელი ექიმებისათვის რთული მისახვედრი იყო, რომ მათ საქმე გულის შეტევასთან ჰქონდათ. ისინი ცდილობდნენ ენა დაეჭირათ, რაც სრული სისულელეა.
ასეთ დროს შოკმა ორ წუთში უნდა იმუშავოს, მაგრამ ერიქსენის შემთხვევაში ამას ორი ან სამი წუთი დასჭირდა. თუ პირველ ორ წუთში შოკს გამოიყენებ, გადარჩენის შანსი 90 პროცენტია. უნდა გვეჩქარა. პირველი ორი წუთის შემდეგ, მივხვდი, რომ შოკმა წარმატებით იმუშავა. შემდგომ, 20-30 წამში ერიქსენი დაგვიბრუნდა.
თვალები გაახილა და დამელაპარაკა. მე ინგლისურად ვკითხე: “დაბრუნდი?” მან მიპასუხა: “დიახ, აქ ვარ.” შემდეგ თქვა: “ჯანდაბა, მე ჯერ მხოლოდ 29 წლის ვარ.”
კრისტიანს ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იყო და საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ის მალევე მიხვდა ყველაფერს და ხელის მკერდზე დადება შეძლო. ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ სიცოცხლე.
მე ჩემს თავს სიცოცხლის გადამრჩენელად მივიჩნევ. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ოპერაციაა. ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ერიქსენმა თვალები გაახილა”, – განაცხადა იენს კლაინეფელდმა.