“ინტერი” ერიქსენის შემცვლელს ეძებს, სახელდება კონკრეტული ფეხბურთელი
დანიის ნაკრების ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის მოულოდნელად გაჩენილმა ჯანმრთელობის პრობლემამ მილანის “ინტერი” იძულებული გახადა, სატრანსფერო ბაზარზე შუახაზელის ძიება დაიწყოს.
“კალჩომერკატო” წერს, რომ იტალიური კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკის იჯარის წესით აყვანით არის დაინტერესებული.
24 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა “ოლოდ ტრაფორდზე” ადგილი ვერ დაიმკვიდრა და “წითელი ეშმაკები” მზად არიან, მას შეელიონ, თუმცა ინგლისელებს ვან დე ბეკის გაყიდვა სურთ და არა – განათხოვრება. სახელდება კონკრეტული თანხაც, რასაც ფეხბურთელის სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედი” მოითხოვს – 30 მილიონი ევრო.
დონი ვან დე ბეკმა გასულ სეზონში “წითელი ეშმაკების” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 40 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მან მინდორზე მატჩში საშუალოდ 40 წუთზე ოდნავ მეტი დაჰყო.