რამდენი მილიონით აფინანსებენ კაზინოები ქართულ ფეხბურთს?
ბათუმის “დინამოს” სტადიონის დარქმევის უფლება აუქციონის სახით გაიყიდა და მისი გამარჯვებული Adjarabet გახდა. უდიდესი ალბათობით, სახელწოდება შესაბამისიც – Adjarabet Arena იქნება. 5 წლის განმავლობაში კომპანია სახელის უფლებაში 8.7 მილიონს გადაიხდის.
გულშემატკივრის გარკვეულ ნაწილში ამ ინფორმაციამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, არადა ქართული ფეხბურთის უდიდესი დამფინანსებელი სახელმწიფოს შემდეგ კერძო ბიზნესიდან სწორედ კაზინოებია.
ქართული ფეხბურთი მუდმივად სახელმწიფოს დოტაციაზე ვერ იარსებებს და სასიცოცხლოდ აუცილებელია, ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი კერძო ბიზნესს გაუჩნდეს. მაგალითად, მხოლოდ ეროვნულ ლიგაში კაზინოები დაახლოებით 5 მილიონამდე სპონსორობას უწევენ გუნდებს წლის განმავლობაში. სხვა დანარჩენი ბიზნესის სფეროები უმეტესად ერთჯერადი სპონსორობით გამოირჩევიან. მაგალითად, “სამტრედიას” გასულ სეზონში ძალიან მაღალი წლიური ბიუჯეტი ჰქონდა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეშვეობით, წელს კი გუნდი შემცირებული ბიუჯეტის შედეგადად, ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
რამდენიმე წელიწადში ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დაფინანსებაც საბოლოოდ დასრულდება და კლუბები კერძო მფლობელისა და სპონსორების იმედად დარჩებიან. სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს ფეხბურთელთა ხელფასებებს, როგორც, სოციალურ პროექტს და კერძო ბიზნესის ჩართულობის გარეშე ფეხბურთი და ვერცერთი სპორტი ვერ განვითარდება.
და მაინც რა არის ცუდი იმაში, რომ კერძო კომპანია 5 წელიწადში თითქმის 9 მილიონს გადაიხდის, რომელიც გუნდს და აჭარას უნდა მოხმარდეს?