ბრესტის “დინამო” “პლზენს” ბათუმში მიიღებს
უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრესტის “დინამოსა” (ბელორუსი) და პლზენის “ვიქტორიას” (ჩეხეთი) შორის გასამართი მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მიიღო.
როგორც მოგეხსენებათ, მაისში, მინსკის აეროპორტში ირლანდიური ავიაკომპანია “რაინეარის” რეისი იძულების წესით დასვეს და თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რასაც ევროკავშირის უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. ამ დროისთვის ბელორუსში ევროპული ავიაკომპანიების პირდაპირი ჩარტერული ფრენები შეჩერებულია. თუ მატჩამდე რეისები აღდგება, უეფა შეხვედრის ბრესტში ჩატარებას დაუშვებს.
ბრესტის “დინამოსა” და პლზენის “ვიქტორიას” შორის შეხვედრა 29 ივლისს ჩატარდება. მატჩის დაწყების დრო ჯერჯერობით უცნობია. წყვილის პირველი შეხვედრა 22 ივლისს, ჩეხეთში გაიმართება.