ლიონელ მესი თავისუფალი აგენტია – რა მოხდება ახლა?
30 ივნისს, ლიონელ მესის “ბარსელონასთან” ხელშეკრულება დაუმთავრდა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ახლა თავისუფალი აგენტია.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებს იმედი ჰქონდათ, რომ მესისთან ახალ კონტრაქტს 30 ივნისამდე გააფორმებენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, მათ სჯერათ, რომ ლეოსთან შეთანხმებას მაინც მიაღწევენ და ახალ ხელშეკრულებას უახლოეს ხანებში დადებენ.
მოლაპარაკებები გრძელდება
მხარეებს შორის საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. “ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას კომუნიკაცია აქვს მესის მამასთან და აგენტთან, ხორხე მესისთან. მოლაპარაკებების გაჭიანურების მთავარი მიზეზი ფინანსური დეტალებია.
34 წლის შემტევის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ მის გარშემო ძლიერი გუნდი შეიკრას, რომელიც უმაღლესი მიზნებისათვის იბრძოლებს.
ლაპორტამ El Transistor-თან ინტერვიუში თქვა: “ჩვენ გვინდა, რომ მესი დარჩეს და თავად ფეხბურთელსაც ეს სურს. ვეძებთ საუკეთესო გამოსავალს ორივე მხარისათვის.”
“ბარსელონას” პრობლემა
როგორც ცნობილია, “ბარსელონას” 1.2 მილიარდის ოდენობის ვალი აქვს, რაც ცხადია, სხვადასხვა სახის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კლუბმა მოახერხა და ზაფხულში უკვე დაიმატა სერხიო აგუერო, ერიკ გარსია და მემფის დეპაი.
მესის სტატუსი
მესი ახლა თავისიუფალი აგენტია, რაც სიტუაციას შედარებით კიდევ ართულებს. თუ “ბარსელონა” მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ის ლა ლიგაში ახალი ფეხბურთელის სტატუსით უნდა დაარეგისტრირონ.
ახლა “ბარსელონამ” უნდა იპოვოს გზა, რომელიც ლა ლიგის ფინანსურ რეგულაციებს მოერგება. ორგანიზაციის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი კლუბს აფრთხილებს, რომ ხელფასები შეამციროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, მესის 2021-2022 წლების სეზონში ლა ლიგაში რეგისტრაციას პრობლემა შეექმნას.