თბილისის “დინამო” ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ მონხილმა და სლოვაკმა ფილიპ ორშულამ დატოვა. ორივე მათგანთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
ორშულა გუნდში კახა ჩხეტიანის დროს მოვიდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ მე-4 ლიგაში “დინამო 2-ში” თამაშობდა. თან, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით.
სამაგიეროდ, მონხილი ძირითადის წევრი იყო, თუმცა, როგორც, გავრცელებულ წერილში აცხადებს, პირადი მიზეზების გამო მოუწია “დინამოს” დატოვება.
“მინდა მივმართო დინამო თბილისის დიდ ოჯახს. დღეს ჩემთვის მძიმე და რთული დღეა. თქვენ ჩემთვის ბევრს ნიშნავთ და გულით მიყვარს ქართველი ხალხი. მიყვარს ეს დიდი გუნდი, რომელმაც მომცა საშუალება ისეთი ოცნებების ახდენის, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდი. ფეხბურთში არაა იოლი წარმატების მიღწევა და მე თქვენთან ერთად ეს შევძელი.
მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მიმიღეთ და გვერდში მედექით როგორც თქვენიანს. თავს ყოველთვის როგორც სახლში, ისე ვგრძნობდი.
სამწუხაროდ ჩემი პირადი პრობლემების გამო მომიწია გუნდის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მე ვთხოვე კლუბს და ორმხრივად გავწყვიტეთ კონტრაქტი.
გუნდი ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დგას. დინამოზე უამარვი რამის თქმა შემიძლია და ამაყი ვარ, რადგან ამ ისტორიული და საამაყო კლუბის წევრი ვიყავი და რამდენიმე წარმატებაში თავადაც მივიღე მონაწილეობა.
მინდა კლუბის თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა. დაწყებული გუნდის პრეზიდენტით და დამთავრებული თითოეული თანამშრომლით. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, ეს ნდობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ჩემი 100% დახარჯვის მთავარი სტიმული იყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს. მომენატრებით ბიჭებო, თქვენთან ერთად ყოველთვის ამ ოჯახის წევრად ვთვლიდი თავს. მიხარია თქვენთან მეგობრობა და ყველას წარმატებას გისურვებთ.
იმედი მაქვს ჩვენ კიდევ შევხვდებით – თქვენ ჩემი სახლი ხართ.
დღეს და სამუდამოდ – დინამო თბილისი!”, – ასე დაემშვიდობა მონხილი გუნდს, უკვე მეორედ.
ჩემპიონთა ლიგის წინ კლუბი კიდევ უფრო სუსტდება.