ბარელა: “ჩვენ და ესპანელებს ერთმანეთის მსგავსი ნაკრებები გვყავს”
იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელამ ევრო-2020-ის ნახევარფინალურ ეტაპზე ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩის მოლოდინების შესახებ ისაუბრა.
“საოცარი ნახევარდაცვა ჰყავდა იმ ესპანეთის ნაკრებს, რომელმაც 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ესპანელებს დღესაც მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მათ დონეს მივაღწევთ და შესაძლოა, მათზე უკეთესადაც კი ვითამაშოთ.
სერხიო ბუსკეტსი უკვე მრავალი წელია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მათ ჰყავთ პედრი და კოკე. კარგი თამაში უნდა გამოვიდეს, ესპანეთის ნაკრების დამარცხებას ვეცდებით. რთული შეხვედრა იქნება. ჩვენ ერთმანეთის მსგავსი ნაკრებები გვყავს, ორივე გუნდს უყვარს მოედანზე ბურთის ფლობით დომინირება. იმედია, კარგი თამაში გამოვა და ფანტასტიკურ სტადიონზე დიდ სიამოვნებას მივიღებთ”, – თქვა ბარელამ.
მატჩი იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ლონდონში, “უემბლის” სტადიონზე გაიმართება.