ბრაზილიამ პერუ დაამარცხა და კოპა ამერიკის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს
6 ივლისს, გამთენიისას რიო დე ჟანეიროში კოპა ამერიკის 2021 წლის გათამაშების პირველი ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. ნახევარფინალურ მატჩში ბრაზილიამ ლუკას პაკეტას გოლით პერუელთა დამარცხება შეძლო.
ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს და მეათეჯერ შეეცდება ამ ტიტულის მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ მოგებული 9 ტურნირიდან (1919, 1922, 1949, 1989, 1997, 1999, 2004, 2007 და 2019 წლებში) 5 ბრაზილიაში იმართებოდა.
კოპა ამერიკის ფინალში “სელესაოს” მეტოქის ვინაობას მალე გავიგებთ. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ყველაზე მეტჯერ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ტიტული ურუგვაელებს აქვთ მოპოვებული (15 ტიტული). არგენტინელებისა ანგარიშზე 14 ტიტულია, ბრაზილია კი 9 ტიტულით მესამე პოზიციაზეა ამ რეიტინგში.