ლა ლიგის პრეზიდენტი: “მესი “მანჩესტერ სიტიში”? ეს ფინანსური დოპინგი იქნება”
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ლეო მესის “მანჩესტერ სიტიში” შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი. როგორც იცით, არგენტინელი გოლეადორი ამ დრომდე თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს.
“ლეო მესი “ბარსელონასთან” იგივე პირობებით კონტრაქტს ვეღარ გააფორმებს, ეს შეუძლებელია. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ევროპულ კლუბს ისეთივე ხელფასის შეთავაზება შეეძლოს.
“მანჩესტერ სიტიმ” პანდემიის პერიოდში 270 მილიონი ევრო დაკარგა. შესაბამისად, ფაქტია, რომ ისინიც კი ვერ შეძლებენ მესისთვის ასეთი ხელფასის შეთავაზებას.
თუ “სიტი” ამას მაინც შეძლებს, ეს ფინანსური დოპინგი იქნება. მე და გვარდიოლამ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. პირდაპირ ვკითხე – “მოიგებდით კი ამდენ ტიტულს ფინანსური დოპინგის გარეშე?!”
ასეთი რაღაცები ფეხბურთს ანადგურებს. ჩვენ არ გვაქვს საუბარი იმ თანხაზე, რომელსაც კლუბები თავად აგენერირებენ. თუ საფეხბურთო ინდუსტრიაში მოძრავი ფული არ არის თავად ფეხბურთით მიღებული, ინფლანცია იზრდება.
ყოველივე ეს ევროპული ფეხბურთის გადაუჭრელ პრობლემად ჩამოყალიბდა, რასაც აუცილებლად უნდა ვებრძოლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ამოვყოფთ თავს,” – აცხადებს ტებასი.