ევროპის ჩემპიონატი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში აღარ ჩატარდება?
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, BBC Sport-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე განსხვავებულ ქვეყანაში ჩატარების იდეა აღარ მოსწონს.
– როგორ ფიქრობთ, ბოლოჯერ ვართ ევროპის ჩემპიონატის პანკონტინენტალური ფორმატით ჩატარების მომსწრენი, თუ კვლავ იქნება მსგავსი პრაქტიკა მომავალში?
– გულწრფელად გეტყვით, ამ იდეას მხარს აღარ ვუჭერ. ვფიქრობ, ტურნირის ასე ჩატარება ძალიან რთული რამ არის.
ცოტა არ იყოს, უსამართლოა, როდესაც ზოგ გუნდს 10 000 კილომეტრის გავლა უწევს, ზოგს კი – 1000. ეს არამარტო ფეხბურთელებისთვის, ფანებისთვისაც უსამართლო რამ არის. ზოგიერთი ფანი ჯერ რომში იყო სტუმრად, შემდეგ კი ბაქუში მოუწია გადაფრენა მომდევნო დღეს. ეს კი 4.5-საათიან ფრენას საჭიროებს.
ასე რომ, ყველაფერი რთულად არის. იდეა ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ მისი რეალიზება ურთულესია. არ ვფიქრობ, რომ მომავალში კვლავ იქნებ ასეთი ფორმატი.