ვინ იქნება ხვალ – 6 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ხვალ, 6 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის სამი წევრი იასპარეზებს. ხალიჩაზე გამოვა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წარმომადგენელი. ასპარეზობაში ჩაერთვება ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა, რომელიც ფინალში გასასვლელად იბრძოლებს..
6 აგვისტო
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ)
გენო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. მისი მეტოქე გეიბლ სტივსონი იქნება. 21 წლის ამერიკელმა მეოთხედფინალში ურთულესი მეტოქე ტაჰა აკგული 8:0 დაამარცხა და შეგვიძლია, მას ამ ოლიმპიადის აღმოჩენაც ვუწოდოთ. ფინალური ორთაბრძოლა ხვალ, დაახლოებით, 15:00 საათზე დაიწყება.
ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97კგ)
ელიზბარ ოდიკაძეს ოლიმპიურ თამაშებზე ძალიან რთული ბადე აქვს. მისი მეტოქე 1/8-ფინალში ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი იქნება. თუ ელიზბარი ირანელის დამარცხებას მოახერხებს, მეოთხედფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ აბდულრაშიდ სადულაევსა და აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ოდიკაძე პირველ შეხვედრას 06:30 საათზე გამართავს.
სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში)
მხატვრულ ტანვარჯიშში საკვალიფიკაციო ეტაპი 05:20 საათზე დაიწყება. კვალიფიკაციაში მონაწილეობას 26 სპორტსმენი იღებს, ფინალში კი მხოლოდ 10 გადავა.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:
• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
• Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
• ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM