ლაშა ტალახაძე: “ჩემთვის უკეთესია, რომ ძლიერი კონკურენტი მყავდეს”
ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებულმა, ლაშა ტალახაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში “სპორტის საათი” საინტერესო განცხადება გააკეთა.
ტალახაძის თქმით, ის იქნება სპორტსმენი, რომელიც ძალოსნობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.
“შესაძლოა, სხვისი დანახული თვალით ადვილი ჩანდეს, მაგრამ ძალიან ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ თითო კილოთი გავზარდოთ შედეგი. შეიძლება სპორტსმენმა დარბაზში ბევრად მეტი აწიოს, მაგრამ შეჯიბრზე მიახლოებული წონაც კი ვერ დააფიქსიროს. გვირჩევნია, ნელ-ნელა მოვუმატოთ წონა. მე ვეთანხმები და ვუჯერებ მწვრთნელს. გვინდა, რომ ეს 500 კილო სისრულეში მოვიყვანოთ. საბოლოო ჯამში, მე ვიქნები ის სპორტსმენი, რომელიც ძალოსნობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.
ჩემთვის უკეთესია, რომ კონკურენტი მყავდეს, რათა უფრო მობილიზებული ვიყო. როცა ძლიერი კონკურენტი გყავს, სპორტსმენს მოდუნების საშუალება არ გეძლევა. მე აღვნიშვნავ იმასაც, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე უფრო ძლიერი კონკურენტები მყავდა, ვიდრე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ვინც არ უნდა ყოფილიყო, მე მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მეტი შემიძლია.
ვერ ვიტყვი, რომ იოლად ვწევ სიმძიმეებს. შეიძლება, ჩემი მოძრაობებიდან და ტექნიკიდან გამომდინარე, სხვის თვალში ამ წონების აწევა იოლი ჩანს. როდესაც პროფესიონალი სპორტსმენი მიყურებს, შესაძლოა, ის ხვდება, რომ დიდი წონების აწევისას შეცდომებს ვუშვებ. ბევრჯერ მიმიღია ჯანსაღი კრიტიკა, რაც ჩემთვის სასრგებლოა”, – განაცხადა ტალახაძემ.