არაბიძე არაბულს “სამტრედიაში” ეპატიჟება – ბერძნები არ თანხმდებიან
საფეხბურთო კლუბ “სამტრედიაში”, შესაძლოა, 27 წლის თავდამსხმელი ბაჩანა არაბული ვიხილოთ. არაბული გუნდში ვარჯიშობს, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად ამას სამტრედიელები არ ადასტურებენ.
არაბული 2016 წელს გია ცეცაძესთან ერთად გარდამავალ ჩემპიონატში თამაშობდა და ჩემპიონატის მოგებაში დიდი წვლილი დაიდო. ამჯერად, მის გვერდით გიორგი არაბიძე იქნება, რომელიც “ნასიონალიდან” იჯარის წესით თამაშობს და კლუბის კაპიტანია.
ბაჩანა ბოლოს “ლამიაში” ასპარეზობდა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო, თუმცა ბერძნებს ფინანსურ საკითხებზე ვერ უთანხმდება. “ლამია” მის ფინანსურ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს და თუ არაბულმა ახალი ნავსაყუდელი უახლოეს პერიოდში ვერ მოძებნა, შესაძლოა, “სამტრედიაში” წლის ბოლომდე ვიხილოთ.
“სამტრედია” ახლა 13 ქულით ბოლო ადგილზეა, მაგრამ ბოლო მატჩი “ლოკომოტივს” არაბიძის ლიდერობით მოუგო.