ბალაძე, ჩხეტიანი, ნემსაძე – დინამო, ტორპედო, დინამო
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები გაიმართება და ამომრჩეველი მერებს და საკრებულოების ახალ შემადგენლობებს აირჩევს.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის მეორედ თბილისის მერობის სურვილი რთული გამოსაცნობი არ იყო, თუმცა მის გარდა პოლიტიკამ საკმაოდ დიდი შევსება ფეხბურთიდან მიიღო და მათ შორის, საუკეთესო კლუბებიდან.
ბათუმის “დინამოს” გენერალური დირექტორი ასლან ბალაძე “ქართული ოცნების” პროპორციული სიის პირველი ნომერია ბათუმის საკრებულოში და მას საკრებულოს თავჯდომარეობასაც უწინასწარმეტყველებენ. ბალაძე წლების განმავლობაში ფეხბურთელი იყო, შემდეგ ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი, სპორტული დირექტორი და ბოლოს გენერალური დირექტორი.
თბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი და ყოფილი სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე “ქართულმა ოცნებამ” ცაგერის მერობის კანდიდატად დაასახელა. ნემსაძე 2006 წელს “ნაციონალური მოძრაობიდან” თბილისის საკრებულოს წევრად აირჩიეს, 2012 წელს გიორგი მეორედ გახდა “ენმ”-ს სიით საკრებულოს წევრი, მაგრამ შემდეგ “ოცნებაში” გადავიდა და ფრაქციის თავჯდომარეც გახდა. 2007 წელს ფედერაციის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რამდენიმე საათში განცხადება დაწერა და პოსტი დატოვა. მის ნაცვლად ნოდარ ახალკაცი უმცროსი დაინიშნა. რა თქმა უნდა, მაშინ მასზე ზეწოლა მოხდა და ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწია.
ქუთაისის “ტორპედოს” მოქმედი მთავარი მწვრთნელი კახაბერ ჩხეტიანი გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”-დან ქუთაისის საკრებულოში პროპორციული სიის მე-3 ნომერია. 29 აგვისტოს ბაგრატის ეზოში მან ახალგაზრდებთან შეხვედრაც გამართა. საინტერესოა, არჩევის შემთხვევაში, როგორ შეათავსებს ჩხეტიანი მწვრთნელობასა და პოლიტიკას ერთად.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერობის კანდიდატად გახარია არჩილ არველაძეს დაასახელებდა, თუმცა არველაძემ ეს ინფორმაცია უარყო. ამავდროულად, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა გორის მერობა გადაწყვიტა.