პიანიჩი: “კუმანი პატივს არ მცემდა”
მირალემ პიანიჩმა იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც მან “ბარსელონა” დატოვა და იჯარით თურქულ “ბეშიქთაშს” შეუერთდა.
როგორც იცით, ბოსნიელ ნახევარმცველს კატალონიური კლუბის მაისურით თამაში ძალიან იშვიათად უწევდა. როგორც თავად ამბობს, მას მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან ურთიერთობა არ გამოუვიდა.
“დღესაც კი არ ვიცი, რა უნდოდა კუმანს ჩემგან. ის არაფერს მიხსნიდა. მივდიოდი მასთან და ვეკითხებოდი, რა სურდა ჩემგან, როგორ უნდა მეთამაშა პოზიციურად, რას ვაკეთებდი კარგად ან ცუდად. მინდოდა, გუნდთან ადაპტაცია მალე გამევლო, რათა უფრო სასარგებლო გავმხდარიყავი. მას ჩემს თამაშთან პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ არც მპასუხობდა.
რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, სიტუაცია უარესდებოდა, უმიზეზოდ. როცა პროფესიონალი ხარ, ეს ძალიან რთულია. მე თამაში მჭირდებოდა. ჩემს კარიერაში პირველად მოხდა, რომ მწვრთნელთან ასეთი ურთიერთობა მქონდა. ყოველთვის პროფესიონალურად ვმოქმედებდი, ვშრომობდი თანაგუნდელებთან ერთად. თუმცა, მწვრთნელისაგან უპატივცემულობა ვიგრძენი”, – ციტირებს პიანიჩის სიტყვებს “მარკა”.