მოდრიჩმა მანჯუკიჩთან სამწლიან უთანხმოებაზე ღიად პირველად ისაუბრა
ლუკა მოდრიჩმა პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მარიო მანჯუკიჩთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. მანჯუკიჩი და მოდრიჩი ერთმანეთს სამი წლის მანძილზე არ ესაუბრებოდნენ.
“მანჯუკიჩს ყოველთვის დიდებულ ადამიანად, დიდი გულის მქონე კაცად ვიცნობდი. ის პირველივე დღიდან მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო დამჭირდა მის გასაგებად.
ერთად ყოველთვის დიდ დროს ვატარებდით ნაკრებში ყოფნისას. ისლანდიასთან მატჩამდე მას სასტუმროში შევხვდი და ვუთხარი – “მიდი, მარიო, დღეს ბევრი უნდა ვიმუშავოთ.” მე მისი გამხნევება და მისთვის მოტივაციის მიცემა მინდოდა, მან კი ასე მიპასუხა – “შენ თავს მიხედე, შემეშვი.”
მე მასთან იმ მომენტამდე მშვენიერი ურთიერთობა მქონდა, მუდმივ კონტაქტში ვიყავით. მას შემდეგ კი სიჩუმემ დაისადგურა. მაშინ ისეთივე ჩამოყალიბებული რომ ყოფილიყო, როგორიც ახლაა, ეს არ მოხდებოდა.
შეცდომა მან დაუშვა, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა არ სურდა. სწორ დროს დაველოდე და მასთან საუბარი წამოვიწყე. ყველაფერი გავარკვიეთ, მითხრა, რომ ჩემზე გაბრაზებული არ იყო. ეგონა, რომ მე ვიყავი მასზე გაბუტული. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ შორის კვლავაც სასიამოვნო ურთიერთობა ჩამოყალიბდა,” – აცხადებს მოდრიჩი.