“პსჟ”-ის ხელმძღვანელმა გუნდში ნეიმარის დასარჩენად ბრაზილიელის მამას 20 მლნ მისცა
ესპანური ინტერნეტგამოცემა Sport.es იტყობინება, რომ გასულ ზაფხულს “პარი სენ-ჟერმენის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნეიმარის მამას ანგარიშზე 20 მილიონი ევრო გადაურიცხა, რათა ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში დარჩენილიყო.
როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარის გადაბირებას “ბარსელონა” ცდილობდა და კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პარიზში ნეიმართან მოსალაპარაკებლად ორი პირიც გააგზავნა. თავის მხრივ, არც ნეიმარი იყო “კამპ ნოუზე” დაბრუნების წინააღმდეგი. ბრაზილიელს კვლავ სურდა ლიონელ მესისთან ერთად თამაში. იმხანად არგენტინელი თავდამსხმელი ჯერ კიდევ “ბარსელონაში” ირიცხებოდა.
მოგვიანებით “ბარსელონამ” გამოაცხადა, რომ მესითან შრომით ხელშეკრულებას ვეღარ გაახანგრძლივებდა, რაც ესპანური ლიგის ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებებით იყო გამოწვეული. არგენტინელმა ფეხბურთელმა “პარი სენ-ჟერმენს” მიაშურა და პარიზულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლის ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.