იასპარეზებენ თუ არა ტაჰა აკგული და გაბლ სტივსონი მსოფლიო ჩემპიონატზე?
2-10 ოქტომბერს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
დღეს გამოქვეყნდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც მსოფლიო პირველობაზე გამოვა. გულშემატკივრებისათვის განსაკუთრებით საინტერესოა 125კგ წონითი კატეგორია, სადაც საქართველოს ღირსებას მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გაბლ სტივსონი. 21 წლის სპორტსმენმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ ის მსოფლიო პირველობაზე აღარ გამოვიდოდა. ოლიმპიური ოქროს მოპოვების შემდეგ, ამერიკელს UFC-ში, Bellator-სა და WWE-ში ეპატიჟებოდნენ. საბოლოოდ, როგორც ირკვევა, მან კონტრაქტი WWE-სთან გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამიერიდან რესტლინგში იასპარეზებს, სადაც იმაზე გაცილებით დიდ ფინანსურ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე თავისუფალ ჭიდაობაში.
რაც შეეხება ტაჰა აკგულს, ის თურქეთის ნაკრების განაცხადშია და გენო პეტრიაშვილის მთავარ კონკურენტად რჩება.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი გაბლ სტივსონმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში პეტრიაშვილი დაამარცხა, ბრინჯაოს მედალს კი ტაჰა აკგული დაეუფლა.