რას წარმოადგენს გიორგი გველესიანი, რომელმაც სანიოლისგან 1 შანსი ითხოვა
30 წლის ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი ირანის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ “სეპაჰანში” თამაშობს, ლიდერი და ერთადერთი ლეგიონერია. “სეპაჰანი” 2020-21 წლების სეზონში ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გავიდა.
გველესიანმა პროფესიონალური კარიერა 2010 წელს “დინამო თბილისში” დაიწყო და საქართველოში მხოლოდ “დინამოში” უთამაშია. გიორგიმ “დინამოს” რიგებში 7 წელზე მეტი გაატარა, იყო წასვლის მომენტებიც, კონტრაქტის არგახანგრძლივება, თუმცა ირანში წასვლამდე და წასვლის შემდეგაც თბილისური კლუბი მისთვის შეუცვლელი რჩებოდა.
2017 წელს “ზობ აჰანში” 50 ათასი ევროს ნაცვლად გადავიდა, 2018 წელს “ნასაჯიში” აღმოჩნდა, 2019 წლის 1-ელი ივლისიდან კი “სეპაჰანის” წევრია. ირანის უმაღლეს ლიგაში 80 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. წარმატებით გამოდის აზიის ჩემპიონთა ლიგაზე.
მაგალითად, საქართველოს ნაკრების სხვა ცენტრალურ მცველებს, გურამ კაშიას ჰოლანდიაში 244 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი, დავით ხოჭოლავამ უკრაინაში 98 თამაშში 6 გოლი, საბა კვირკველიამ რუსეთის პრემიერ ლიგის 186 შეხვედრაში 6 ბურთი გაიტანა. ირანში საკმაოდ რთული ჩემპიონატია, ძალიან კარგი ინფრასტრუქტურით, კარგი ანაზღაურებით და ბევრ ევროპულ ლიგას ნამდვილად არ ჩამოუვარდება.
2 დღის წინ გველესიანმა ერთ-ერთ ქართულ სპორტულ გაზეთს მისწერა და გულისწყრომით ისაუბრა, რომ წლებია მას ერთი შანსიც არ ეძლევა, როცა სხვა ფეხბურთელებს უკვე ნაკრებში ჩასვლაც ეზარებათ ან უკვე ნაკრებში თამაშის ხალისი არ ეტყობათ. გველესიანის თქმით, წლებია ირანში მაღალ დონეზე თამაშობს და მინიმუმ 1 შანსს მაინც იმსახურებს.
ცენტრალურ მცველს, რაც გამოარჩევს, მისი თავდაჯერებულობა, შეტევის წამოწყება, თავით კარგი თამაში და საოცარი საგოლე ალღოა. თამაში საყრდენადაც შეუძლია და Transfermarkt-ზე 400 ათას ევროდ ფასობს.
იმ ფონზე, როცა გურამ კაშიამ, ლუკა ლოჩოშვილმა და დათა ხოჭოლავამ გასული 3-ვე შეხვედრა ჩააგდეს. გამორჩეულად არც სხვა მცველებიც ბრწყინავენ, დროა, სანიოლმა 1 შანსი გველესიანსაც მისცეს, ძალიან ჭკვიან და გამოცდილ დამცველს.