ფიფიამ ახალი სპორტული დირექტორი წარადგინა და ცხადაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა “დინამოს” ბაზაზე გუნდის ახალი სპორტული დირექტორი, ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა. პრეზენტაციას კახა ცხადაძეც ესწრებოდა, რომელიც გუნდთან კონტრაქტს 2-წლით გაახანგრძლივებს.
“დაახლოებით 2 წლის წინ კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ზაზა დოლიძესთან ერთად გავდიოდი საკითხს, რომ ბორდი ჩამოგვეყალიბებინა, რომელიც გუნდს უხელმძღვანელებდა. ამას ხელი კოვიდმა შეუშალა, თუმცა ძალიან მალე დოლიძე ახალ ბორდს წარადგენს, რაც ახალი სიტყვა იქნება ქართულ ფეხბურთში. შევეცდებით, კლუბს პროფესიონალები მართავდნენ.
მე უკვე 10 წელია “დინამოში” ვარ და თქვენ ალბათ უკვე იცით, რა კრიტიკა მოყვა საწყისში აკადემიის მშენებლობას, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა. ამ ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი 2 გამოცდილი სპეციალისტი, როგორებიც ცხადაძე და რეხვიაშვილია, არ გვყოლია. ახლა ძალაუფლება საუკეთესო პროფესიონალებს გადავეცი და ისინი ამ საქმეს უკეთ წარმართავენ”, – განაცხადა ფიფიამ.
ალექსანდრე რეხვიაშვილმა კარიერა “დინამოში” დაიწყო. საქართველოს ნაკრებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს ბელარუსის საუკეთესო გუნდის, სოლისგორკის “შახტიორის” სპორტული დირექტორი იყო.